პარკეტი არის პატარა ზომის ოთხკუთხა ან სხვა გეომეტრიული ფორმის ბრტყელი ფიცარი, რომელიც გამოიყენება იატაკის საფარად. პარკეტის მწარმოებელთა ევროპული ფედერაციის განმარტების თანახმად, იატაკის საფარს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს პარკეტი, თუკი მისი წინაპირის (სუფთა ხის მასალისაგან დამზადებული ზედა ფენა) სისქე არის მინიმუმ 2.5 მმ.
არსებობს ორი ძირითადი სახეობის პარკეტი: მრავალშრიანი და ერთშრიანი. მათ ერთმანეთისაგან განასხვავებთ კონტსრუქცია.
მრავალშრიანი ანუ დამუშავებული პარკეტი, როგორც წესი, შედგება ორი (სტანდარტული სისქე 9-22 მმ) ან სამი (სტანდარტული სისქე 10-22 მმ) ფენისაგან, რომელიც სხვადასხვა ჯიშის მერქნის ურთიერთშეწებებითაა დამზადებული. ზედაპირზე ძვირფასი ჯიშის (ძირითადად მუხა, წიფელი, ნაძვი ან იფანი), ხოლო ფუძედ ნაკლებად ღირებული მერქანია გამოყენებული. მრავალშრიანი პარკეტის ზედაპირი, ისევე როგორც მისი შემადგენელი ელემენტები, მუშავდება ქარხნული წესით.
ერთშრიანი პარკეტი მზადდება მასიური ხისგან, რომელიც დამუშავების, კილოს და ქიმის გამოყვანის შემდეგ იქცევა პარკეტის თამასად. მისი ზედაპირის დამუშავება, როგორც წესი, ხდება დაგების შემდეგ.
პარკეტი იატაკის საფარად გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული მასალაა, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას და უმაღლეს სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან შერწყმის შედეგად, ქმნის აბსოლუტურ სრულყოფილებას ხის იატაკებში. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე ეხება კონსერვატიულ თუ თანამედროვე დიზაინს, ხის მასალის ბუნებრივ ესთეტიკასა და სიმყარეს შეაქვს სითბოს ელემენტი ნებისმიერ ინტერიერში.
.