პოლიმერიზაცია არის ქიმიური რეაქცია, რომლის საშუალებითაც მონომერებისაგან წარმოიქმნება მაღალი მოლეკულური წონის მქონე ორგანული ნაერთები. პოლიმერები, მექანიკური სიმტკიცის, ელესტიკურობის, ელექტროსაიზოლაციო და სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობების გამო, გამოიყენება მრეწველობასა და საყოფაცხოვრებო სფეროებში, მათ შორის იატაკის საფარების წარმოებაში.
პოლიმერული იატაკი აღადგენს, აძლიერებს და იცავს ბეტონს, ხელს უშლის აგრესიული ხსნარების, სამანქანე ზეთების თუ სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად ბეტონის ზედაპირისა და არმატურის დაშლას, რითიც ახანგრძლივებს შენობის კონსტრუქციის საექსპლუატაციო ვადასა და მდგარდობას. გარდა ამისა, პოლიმერული იატაკი ხელს უშლის ამტვერებას, ვინაიდან ლუქავს ბეტონზე არსებულ მტვერს.
ეპოქსიდური და პოლიურეთანის იატაკების გამოყენება დასაშვებია, როგორც მსუბუქი დატვირთვის, ასევე მაღალი გამავლობის ობიექტებში, მათ შორის მძიმე მრეწველობაში, სადაც იატაკის საფარის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, როგორც წესი, საკმაოდ მკაცრია - გამძლეობა სიმძიმის მიმართ, თერმული და ქიმიური მდგრადობა, ჰიგიენა და ა.შ.
იატაკის ტრადიციულ საფარებთან შედარებით, პოლიმერულ იატაკებს გააჩნია არაერთი უპირატესობა:
- იცავს ბეტონის ზედაპირს ისეთი „საფრთხეებისაგან“, როგორიცაა: ტენი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მაღალი მექანიკური დატვირთვა, ხშირი გადაადგილება, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, სისტემატური წმენდა და ა.შ;
- „არ ეშინია“ ცხიმოვანი ლაქებისა და წყლის;
- ქმნის იდეალურად პრიალა და ბზინვარე ზედაპირს, რის შედეგადაც ინტერიერს უფრო ნათელს ხდის;
- აქვს მრავალფეროვანი ფაქტურა, დიზაინისა და ფერების შეუზღუდავი არჩევანი, ვინაიდან შესაძლებელია მასში საღებავების შერევა - ობიექტის დანიშნულებისა და მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით, შესაძლოა მოეწყოს სხვადასხვა ფერის, გამჭვირვალე, პრიალა, ნახევრად პრიალა, ნაკლებად მოცურებადი და ა.შ. ზედაპირი.
- განსხვავებით ელასტიური და რბილი იატაკებისაგან, პოლიმერული იატაკი (ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ პოლიურეთანის და არა ეპოქსიდურ იატაკზე) ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას არ იცვლის ფერს და არ ყვითლდება.
სწორედ აღნიშნული უნიკალური მახასიათებლების წყალობით, პოლიმერული იატაკების გამოყენების სფერო დღეისათვის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ინდუსტრიული თუ კომერციული ობიექტებით (საწარმოები, საწყობები, ქიმიური თუ ელექტროტექნიკური ინდუსტრია, ავტოფარეხები, ავტოსადგომები და ა.შ.) და მზარდი პოპულარობით სარგებლობს საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერიერის გადაწყვეტისას.
.