იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ არჩევანის გაკეთება, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ელასტიური საფარებიდან (ლინოლეუმი, ჰომოგენური და ჰეტეროგენური ვინილი, ვინილის დიზაინერული ფილა, კაუჩუკის იატაკი, გადამუშავებული რეზინის იატაკი) რომელი ტიპის იატაკი ერგება ყველაზე უკეთ თქვენს მოთხოვნებსა და საჭირობებს, იხილეთ ქვემოთ ელასტიური საფარების თითოეული ტიპის აღწერა, უპირატესობები და სხვადასხვა ტიპებს შორის არსებული ძირითადი მსგავსება-განსხვავებები.
ჰომოგენური და ჰეტეროგენური ვინილი
ვინილი გვიან 1800-იან წლებში შეიქმნა, თუმცა თავდაპირველად მკვლევარებისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა მისთვის პრაქტიკული ან კომერციული დანიშნულების გამოძებნა. 1872 წელს გერმანელმა ქიმისკოსმა ეუგენ ბაუმანმა შექმნა პოლივინილქორიდი (PVC – Polyvinyl Chloride), რომელიც ვინილის იატაკის საფარის, ისევე როგორც ბევრი სხვა სამშენებლო მასალის, ძირითად ნედლეულს შეადგენს და პოლიეთილენის და პოლიპროპილენის შემდეგ, წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ სინთეზირებულ პლასტმასის პოლიმერს. თავის მხრივ, პოლივინილქლორიდი შედგება ეთილენისგან (40%), რომელიც მიიღება ნავთობისგან და შეკავშირებული ქლორისგან (60%) რომელიც მიიღება სუფრის მარილისგან.
1926 წელს ოჰაიოში, მკვლევარი ვალდო ლონსბარი სემონი „The BF Goodrich Company“-ის დაკვეთით ატარებდა ცდებს სპეციალური წებოს შესაქმნელად, რომელიც ერთმანეთთან შეაკავშირებდა კაუჩუკსა და ლითონს. უამრავი უშედეგო მცდელობის შემდეგ, გადაწყვიტა ექსპერიმენტები ჩაეტარებინა არასწორი ცდების შედეგად მიღებულ პროდუქტებზეც. სწორედ ასე შეიქმნა პლასტიფიცირებული პოლივინილქლორიდი, რომელიც ბაუმანის მიერ მიღებული ნივთიერებისაგან განსხვავებით, იყო გაცილებით უფრო რბილი, ჟელატინისმაგვარი ტექსტურით. მისი მიღწევა დაპატენტდა კიდეც, დაიწყო მისი გამოყენება ინდუსტრიაში, თუმცა ფართო მასებისათვის კიდევ რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე უცნობი დარჩა. მომხმარებლებისათვის ვინილი თანდათანობით გახდა ნაცნობი, როგორც პროდუქტი, როემლიც გამოიყენაბა გოლფის ბურთების, სააბაზანო ფარდების და ფეხსაცმლის ქუსლების წარმოებაში. უკვე 1933 წელს, ჩიკაგოს გამოფენაზე, რომელიც ატარებდა სახელწოდებას „პროგრესის საუკუნე“, ვინილის ფილა პირველად წარადგინეს, როგორც იატაკის საფარი.
მიუხედავად იმისა, რომ ვინილი არ ყოფილა პირველი ელასტიურ იატაკებს შორის და ლინოლეუმი, კორპისა და კაუჩუკის საფარები მასზე ბევრად ადრე შეიქმნა, გამძლეობის, ადვილი მოვლის და დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანის გამო, ის მალე გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადად იატაკის საფარებს შორის. დღეისათვის ელასტიური იატაკების ბაზრის უდიდეს წილს შეადგენს სწორედ ვინილის საფარები.
სტანდარტული კომერციული ობიექტებისათვის განკუთვნილი ვინილის სისქე არის 2-2,5 მმ, ხოლო სპორტული დაწესებულებებისათვის არსებობს 10 მმ სისქის ვინილიც.
ჰომოგენური ვინილი შედგება ერთი ფენისაგან და გამოირჩევა ფერის სიმკვეთრითა და სიღრმით. დიზაინის თვალსაზრისით მომხმარებლებს გაცილებით ფართო არჩევანს სთავაზობს რამოდენიმე ფენისაგან შემდგარი ჰეტეროგენური ვინილი, ნაბეჭდი ზედა ფენით. გამძლეობას უზრუნველყოფს სუფთა, გამჭვირვალე პოლივინილქლორიდის ფენა და სხვადასხვა ფენებს შორის გამოყენებული მინაბოჭკო ფორმის სტაბილიზაციისათვის.
ვინილის იატაკებს აქვს რამდენიმე გამორჩეული უპირატესობა:
- ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა, მდგრადობა და ჭუჭყგამძლეობა - სწორედ აღნიშნული უპირატესობის წყალობით, ვინილის იატაკი ოპტიმალური გადაწყვეტილებაა ნებისმიერი დანიშნულების ობიექტისათვის;
- ფორმის, ფერისა და დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანი;
- ინსტალაციისა და მოვლის სიმარტივე;
- შესაძლებლობა, რომ დაფაროს არა მხოლოდ იატაკი, არამედ კედლის გარკვეული ნაწილიც - მაგალითად სამედიცინო დაწესებულებებში, საოპერაციოებსა და დერეფნებში ვინილის საფარის კედელზე 10 სმ-ით აყვანა, მინიმუმ 6-ჯერ ამცირებს სტერილიზაციისათვის საჭირო დროს. თავისუფლად შეიძლება ასეთი ტიპის საფარის მორეცხვა და ამ შემთხვევაში უკვე აღარ არსებობს პლინთუსის ქვეშ წყლის შეღწევის თუ ნესტის წარმოქნის საფრთხე.
ვინილის დიზაინერული ფილა
ვინილის იატაკის საფარად გამოყენება 1933 წლიდან დაიწყო, თუმცა მხოლოდ 1970-იანი წლებიდან დაიწყეს კომპანიებმა ვინილის ფილების სახით წარმოება. ფილებად დაჭრილი ვინილი, რულონურის მსგავსად იყო იაფი და გამძლე, თუმცა ვიზუალურად მიმსგავსებული იყო ხის იატაკს.
დღესაც ვინილის დიზაინერული ფილა, ე.წ. LVT (Luxury Vynil Tiles) როგორც ხის იატაკის ბიუჯეტური ალტერნატივა, გათვლილია იმ მომხმარებლებზე, რომელთაც ხიბლავს ნატურალური ხის ან ქვის იატაკის ესთეტიკა, მაგრამ ამავდროულად იზიდავს ვინილის ცვეთამედეგობა და კომფორტი. ვინილის დიზაინერული ფილა, ე.წ. LVT (Luxury Vynil Tiles), საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია სითბოს შეგრძნების, ხმის აბსრობციის, მარტივი ინსტალაციისა და მოვლისათვის საჭირო დაბალი დანახარჯების გამო.
იატაკის საფარის აღნიშნული ტიპი, გამოიყენება მაღაზიებში, შოურუმებში, ოფისებში, სკოლებსა და საცხოვრებელ შენობებში. დეკორატიული სილამაზის გარდა, ვინილის დიზაინერული ფილა, ვინილის რულონური ტიპის იატაკების მსგავსად, გამოირჩევა მაღალი გამძლეობითა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით. შესაბამისად, პარკეტთან ან ლამინატთან შედარებით, LVT-ის გამოყენება დასაშვებია ბევრად უფრო მეტი დანიშნულების ობიექტებზე.
LVT-ის დამატებით უპირატესობას წარმოადგენს, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სიმარტივე - ვინილის რულონური ტიპის საფარისაგან განსხვავებით, არ არის აუცილებელი, მთლიანი საფარის დემონტაჟი და ხელახლა დაგება, შესაძლებელია რამდენიმე ფილის შეცვლა, მხოლოდ დაზიანებულ მონაკვეთზე.
ლინოლეუმი
ლინოლეუმი ღირებული პროდუქტია ბუნებრივი შემადგენლობის, სილამაზის, კომფორტის, გამძლეობის, მაღალი ხარისხისა და ინოვაციური დიზაინის წყალობით. ეს არის მდგარდი, მორეცხვადი იატაკი, რომელიც უამრავი ფერითა და მოდელით, გვაძლევს დიზაინის განუსაზღვრელ შესაძლებლობს და ხელმისაწვდომია, როგორც რულონის, ასევე ფილების სახით. საფარის სისქე მერყეობს 1,5მმ-დან 5მმ-მდე.
პროდუქტი შეიქმნა 1860-იან წლებში, როდესაც ინგლისელმა სერმა ფრედერიკ ვალტონმა, სწრაფადშრობად საღებავებზე ექსპერიმენტების ჩატარებისას, შენიშნა გამყარებული სელის ზეთის რეზინისებური ფენა საღებავის ქილაზე. მრავალი ცდისა და სელის ზეთისათვის სხვადასხვა კომპონენტების დამატების შემდეგ, 1863 წელს მან შექმნა პირველი ლინოლეუმი, რომელიც იმდროინდელი ეპოქის იატაკის საფარების განვითარებისასთვის მიმართულების მიმცემი აღმოჩნდა და მალევე გადაიქცა თანამედროვეობის კლასიკად.
სელის ზეთის გარდა, ლინოლუემის შემადგენლობაში შედის ბუნებრივად განახლებადი ნედლეული, როგორიცაა ფისი, კანიფოლი და კორპის ფქვილი. აღნიშნული ნაზავის ქვედა ფენად, როგორც წესი, გამოიყენება ჯუთის ქსოვილი. საღებავებისა და პიგმენტების დამატების შედეგად ხდება სასურველი ფერის ლინოლეუმის მიღება.
სწორედ აღნიშნული ბუნებრივი შემადგენლობის წყალობით, ლინოლეუმი მოიაზრება ვინილის „მწვანე“ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მძიმე მეტალებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედების მქონე სხვა დანამატებს. გამოირჩევა ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული თვისებებით და მისი ანაორთქლი, შეიძლება ითქვას, რომ აუმჯობესებს კიდეც ოთახში ჰაერის ხარისხს. გამძლეა ნაკაწრებისა და ნახეთქების მიმართ და მისი საექსპლუატაციო ვადა, ვინილისას თითქმის სამჯერ აღემატება. თუმცა ვინილთან შედარებით ლინოლეუმი უფრო ძვირია, უფრო მგრძნობიარეა სხვადასხვა საწმენდი საშუალებების მიმართ (ექსპერტები, როგორც წესი, რეკომენდაციას უწევენ ლინოლეუმის მშრალი წესით წმენდას) და მისი ინსტალაციაც უფრო რთულია.
კაუჩუკის იატაკები
ელასტიური იატაკების ისტორია საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანია და მისი ათვლის წერტილად მოიაზრება მე-12-13 საუკენეში კაუჩუკის ფილების იატაკის საფარად გამოყენება. კაუჩუკის იატაკმა პოპულარობა დაკარგა 17-ე საუკუნის დასაწყისისათვის. მისი ხელახალი გამოჩენა ბაზარზე დაკავშირებულია არქიტექტორ ფრანკ ფარნესის სახელთან, რომელმაც 1894 წელს ფილადელფიაში დააპატენტა კაუჩუკის იატაკის ფილების სისტემა. მართალია, აღნიშნული ფილების ფერები შეზღუდული იყო, თუმცა სხვადასხვაგვარი ფილების შერწყმისა და შეხამების შესაძლებლობა იმ ეპოქისათვის გამორჩეულ და თვალისმომჭრელ დიზაინს ქმნიდა. ამასთან ფილები იყო გამძლე, შთანთქავდა ხმას და მისი ინსტალაცია და მოვლა დიდ სირთულესთან არ იყო დაკავშირებული.
ჩვენი პარტნიორი, 60 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, Nora systems GmbH ავითარებს და აწარმოებს კაუჩუკის ელასტიურ იატაკებს უმაღლესი ხარისხის ნატურალური ან ინდუსტრიული კაუჩუკისაგან. კაუჩუკს უმატებენ სხვადასხვა ბუნებრივ მინერალებს და ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტებს, როგორიცაა მაგალითად ფერის პიგმენტები. მიღებული ნაერთი იპრესება და მაღალი წნევისა და ტემპერატურის ქვეშ განიცდის ვულკანიზაციას. ნივთიერების ელასტიური მახასიათებლების წყალობით, იატაკის საფარი წარმოების პროცესში არ საჭიროებს პლასტიფიკატორებს. ზედაპირი არის მასიური, ფორების გარეშე და დამუშავებისას არ არის გამოყენებული ლაქი. სწორედ ეს განაპირობებს მრავალი წლის მანძილზე პროდუქტის ესთეტიურ სილამაზეს, რომლის მისაღწევადაც არ არის საჭირო ლაქის პერიოდულად გადასმა/აღდგენა.
კაუჩუკის იატაკებს აქვთ არაერთი გამორჩეული უპირატესობა:
- არ შეიცავს პოლივინილქლორიდს, პლასტიფიკატორებსა და ჰალოგენებს;
- ქმნის ჯანსაღ გარემოს, ვინაიდან ხასიათდება მავნე ნივთიერებათა ემისიის მინიმალური დონით;
- ცეცხლგამძლეა, ვინაიდან მის შემდაგენლობაში არ არის პოლივინილქლორიდი და ქლორი (ხანძარმედეგობის კლასი Bfl-s1)
- განსაკუთრებით გამძლე და ცვეთამედეგია;
- სიმტკიცეის ძალა აღწევს 6 ნ/მმ2-ს;
- მარტივი და ბიუჯეტური მოვლით სრულიად აკმაყოფილებს ჰიგიენურ-სანიტარულ მოთხოვნებს;
- გამძლეა სიგარეტის ნამწვის მიმართ;
- გამძლეა ტენის მიმართ და არ ზიანდება დიდი ოდენობით წყლით გაწმენდის შემთხვევაშიც კი;
- უსაფრთხოა და ფეხით სიარულის და დგომის დროს ქმნის კომფორტის საოცარ განცდას;
- როგორც მშრალ, ასევე სველ მდგომარეობაში აქვს ანტიმოცურების მაღალი მაჩვენებელი (R11);
გადამუშავებული რეზინის იატაკები
რეზინის იატაკს არაერთი გამორჩეული უპირატესობა გააჩნია. ის მზადდება ელასტიური და გამძლე მასალისაგან, რაც უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთხოებას. თუმცა არსებობს ერთი კონკრეტული ტიპის რეზინის იატაკი, კერძოდ გადამუშავებული რეზინი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უკონკურენტოა. ის მიიღება მეორადი საბურავების გადამუშავების შედეგად, შესაბამისად წარმოების პროცესში იხარჯება ბევრად ნაკლები ენერგია, ვიდრე სხვა ელასტიური საფრაების წარმოებისას და ფასიც საგრძნობლად დაბალია.
გადამუშავებული რეზინის იატაკი ხელმისაწვდომია როგორც ფილების, ასევე რულონების სახით. გამძლეობას უზრუნველყოფს გამოყენებული მასალა - საბურავების დამზადებისას, როგორც ვიცით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რომ პროდუქტი არ იყოს მოწყვლადი ისეთი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა მზის სხივები, ოზონი, წყალი, ქვა, ხრეში, ორმოები და ა.შ. შესაბამისად ასეთი მასალისაგან დამზადებული იატაკი საოცრად გამძლეა, ვინაიდან საფარზე ფეხით სიარული, თუნდაც საკმაოდ ინტერნსიური, არაფერია იმ დატვირთვასთან შედარებით, რაც საბურავს მოეთხოვება.
გადამუშავებული რეზინის იატაკი, რომელსაც ახასიათებს ანტიმოცურებადობა და უსაფრთხოების მაღალი დონე, განსაკუთრებით პოპულაურია სპორტულ დაწესებულებებში. ტენისადმი მდგრადობა შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას შენობის შესასვლელში, სარდაფში, სველ წერტილებში და ა.შ.
გადამუშავებული რეზინის იატაკი (რომელიც ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბეტონის ან ხის იატაკის ზედაპირი) ელასტიური და დრეკადია, სიარულის დროს ტერფზე, კოჭზე და წელის კუნთებზე ნაკლები დატვირთვა მოდის, შესაბამისად აღნიშნული ტიპის საფარზე ადამიანს გაცილებით უფრო ხანგძლივად შეუძლია დგომა და სიარული, ვიდრე ნებისმიერ სხვა იატაკზე.
გადამუშავებული რეზინის იატაკი ყველაზე ნაკლებად ზიანს აყენებს გარემოს, ვინაიდან ის არ მოიხმარს განახლებად ან არაგანახლებად ბუნებრივ რესურსებს და ამასთან იცავს მილიონობით ჰექტარ მიწას გაცვეთილი საბურავების საწყობად გადაქცევისაგან. მხოლოდ 1970-იანი წლებიდან დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რამხელა ეკოლოგიური საფრთხე შეიძლებოდა შეექმნა მსგავს „საწყობებს“ და სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი რეზინის გადამამუშავებელი ქარხნები.
ჩვენი პარტნიორი კომპანია KRAIBURG Relastec GmbH & Co. KG, რომელიც რეზინის გადამამუშავებელ კომპანიებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ამარაგებს საერთაშორისო ბაზარს ინსტალაციისათვის გამზადებული სპორტული იატაკებით და ელასტიური საფარების სპეციალიზებული სისტემებით. 40 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის ქარხნებში წელიწადში საშუალოდ 85 ტონა მეორადი გამოყენების და გაცვეთილი საბურავი (ან რეზინის სხვა პროდუქტი) გარდაიქმნება მომხმარებლისათვის საჭირო, მაღალი ხარისხის და ამავდროულად ხელმისაწვდომ პროდუქტად.